English / ქართული /








Journal number 1 ∘ Valeri MosiashviliLia Otiashvili
Some Issues of Educational Organization’s Nonprofit Finances Management

Since 2004 the educational system in Georgia has experienced great changes – the structure of the system, financing and education has changes.

In 2005 Georgia joined the Bologna process after which the Ministry of Education and Science in Georgia as well as higher educational institutions are conducting the reforms for the implementation of those tasks that are specified by the Bologna process.

The sources of financing the non-state educational organizations are first of all, those income provided under the contract of educational services. As for the accredited establishments the existence of additional source may be the budget financing.

The educational organizations conducting the paid educational activities and there is a competition between them risking geƫ ng into two extreme situations. The reduction of the educational service price (for the reason of attracting a great number of educators) may cause the sharp decrease in teaching quality and vice versa, the increase of the price may result in sharp outlow to other institutions. As a result – it will cause the reduction of money income and the loss of financial stability.

Keywords: Money Incomes, Education Finances, Budget Accounting, Transfers to the Targeted Funds, Cost Price of Service, Calculation of Educational Services, Declared Data.

JEL Codes: G20, G30, L31

XXI საუკუნის საქართველოში განათლების სისტემამ განიცადა არსებითი ცვლილებები, კერძოდ, შეიცვალა ამ სისტემის დაფინანსების სტრუქტურა. 2005 წელს საქართველო მიუერთდა ბოლონიის პროცესს, რის შემდგომაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ასევე უმაღლესი სასწავლო დაწესებულებები, ატარებენ რეფორმებს იმ ძირითადი ამოცანების შესასრულებლად, რასაც ითვალისწინებს ბოლონიის პროცესი.

არასახელმწიფო საგანმანათლებლო ორგანიზაციების დაფინანსების წყაროა, პირველ რიგში, საგანმანათლებლო მომსახურების გაწევის ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემოსულობები, ხოლო აკრედიტებულებისთვის შესაძლებელია დამატებითი წყაროს არსებობა საბიუჯეტო დაფინანსების სახით.

საგანმანათლებლო ორგანიზაციები, რომლებიც ახორციელებენ ფასიან საგანმანათლებლო საქმიანობას და კონკურენციაში არიან ერთმანეთთან, რისკავენ მოხვდნენ ორ უკიდურეს სიტუაციაში. საგანმანათლებლო მომსახურების ფასის შემცირებამ (მოსწავლელთა შესაძლო დიდი ოდენობით მოზიდვის მიზნით) შეიძლება გამოიწვიოს სწავლების ხარისხის მკვეთრი დაწევა და პირიქით, ფასის გაზრდამ შესაძლოა გამოიწვიოს მოსწავლელთა მკვეთრი გადინება სხვა დაწესებულებებში მათი გადასვლის გამო. როგორც შედეგი – ეს გამოიწვევს ფულადი შემოსულობების შემცირებას და ფინანსური მდგრადობის შესაძლო დაკარგვას.

საკვანძო სიტყვები: ფულადი შემოსულობები; განათლების ფინანსები, არაკომერციული ფინანსები; მიზნობრივი ფონდები; მომსახურების თვითღირებულება; დეკლარირებული მონაცემები.

საგანმანათლებლო ორგანიზაციების ფინანსები

ბოლო პერიოდში არაკომერციული საქმიანობები საკმაოდ მნიშვნელოვნად განვითარდა საბაზრო ეკონომიკის ქვეყნებში. ეს იმითაა განპირობებული, რომ, ბიბლიოთეკების, მუზეუმების, საავადმყოფოების, სასწავლო დაწესებულებების, თეატრების, მრავალფეროვანი საქველმოქმედო ფონდების, პროფესიული გაერთიანებების ორგანიზების არაკომერციული ფორმა კერძო ინიციატივის და საზოგადოებრივად სასარგებლო საქმიანობის შეხამების საშუალებას იძლევა. მსგავსი განვითარება აიხსნება არამხოლოდ საგადასახადო შეღავათებით, რომლითაც სარგებლობენ ზემოთჩამოთვლილნი, არამედ იმითაც, რომ სახელმწიფო დამატებით სუბსიდიებს გამოუყოფს განსაზღვრულ არაკომერციულ ორგანიზაციებს.

განათლების ფინანსები, რიგ შემთხევაში, მიეკუთვნება არაკომერციულ სფეროს. ამასთან, საგანმანათლებლო ორგანიზაციებს შესაძლოა ჰქონდეთ საკუთრების ნებისმიერი ფორმა (სახელმწიფო, მუნიციპალური, კერძო) და ნებისმიერი ორგანიზაციული სტრუქტურა, რომელიც გათვალისწინებულია არაკომერციული ორგანიზაციებისთვის.

სახელმწიფო და მუნიციპალური საგანმანათლებლო ორგანიზაციების დაფინანსების ძირითადადი წყაროა საბიუჯეტო სახსრები და კომერციული ჯგუფების სტუდენტების სწავლის გადასახადი. ამის გათვალისწინებით, აღნიშნული ორგანიზაციები ბუღალტრულად აწარმოებენ ორ პარალელურ ბალანსს: საბიუჯეტო აღრიცხვით და ბუღალტრული აღრიცხვის ჩვეულებრივი სქემით, რომელიც მიღებულია მეურნე სუბიექტებისთვის. როგორც წესი, საბიუჯეტო დაფინანსების წილი უფრო დაბალია, ვიდრე კომერციულის. არასახელმწიფო საგანმანათლებლო ორგანიზაციების დაფინანსების წყაროებია, პირველ რიგში, საგანმანათლებლო მომსახურების გაწევის ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემოსულობები, ხოლო აკრედიტირებულებისთვის შესაძლებელია დამატებითი წყაროს არსებობა საბიუჯეტო დაფინანსების სახით.

საგანმანათლებლო ორგანიზაციების ფინანსებზე საერთო ფაქტორების (მეურნეობრიობის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა და დარგობრივი ტექნიკურ-ეკონომიკური თავისებურებები) გარდა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს:

1. ობიექტური ხასიათის ფაქტორები -უწინარესად სოციალური ფაქტორები, მოცემული რეგიონის ან ქალაქის დემოგრაფიული პირობები, კლიენტთა (შემსწავლელთა) გადახდისუნარიანობის დონე, მაკროეკონომიკური ფაქტორები;

2. სუბიექტური ხასიათის ფაქტორები - ანუ შესაძლო ორგანიზაციულ-ტექნიკური ღონისძიებები, რომელთა საშუალებით შეიძლება, საბოლოო ანგარიშით, საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის ამა თუ იმ მაჩვენებელზე ზემოქმედება. მაგალითად, საგანმანათლებლო სფეროში სუბიექტური ფაქტორები შესაძლოა იყოს:

-    პროფესიული მომზადების რეალიზებადი პროგრამები და მიმართულებები;

-    საგანმანათლებლო პროცესის კომპიუტერიზაციის, ტექნიკური აღჭურვის ღონისძიებები;

-   ადმინისტრაციული გადაწყვეტილებები (მაგალითად, ბრძანება სწავლის გადასახადის დადგენის შესახებ, ხელშეკრულებები იურიდიულ პირებთან სტუდენტების მიერ პრაქტიკების გავლის თაობაზე და სხვა);

- სასწავლო პროცესის გრაფიკების და სასწავლო გეგმების ოპტიმიზაცია და ა. შ.

ეს და სხვა ფაქტორები განსაზღვრავს ფინანსების მართვას და ორგანიზაციას პროფესიული საქმიანობის მოცემულ სფეროში. ფინანსური ურთიერთობების ძირითად მონაწილეებს, პირველ რიგში, სტუდენტები, საგანმანათლებლო ორგანიზაციის პერსონალი (მასწავლებლები, სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელები, დამხმარე პერსონალი და სხვა) და საგადასახადო ორგანოები წარმოადგენენ. საგანმანათლებლო საქმიანობის დაფინანსებისთვის სახსრების უკმარისობა საგანმანათლებლო ორგანიზაციებს აიძულებს შევიდნენ ფინანსურ ურთიერთობებში ბაზრის სხვა სუბიექტებთან, კერძოდ, სადაზღვევო კომპანიებთან (საგანმანათლებლო დაზღვევა), ბანკებთან (კრედიტების აღება), ინვესტორებთან (საგანმანათლებლო სერტიფიკატები, თამასუქები, ობლიგაციები), ასევე მოძებნონ დაფინანსების სხვა ლეგალური წყაროები.

საგანმანათლებლო ორგანიზაციების ხარჯები შეიძლება დაჯგუფდეს შემდეგნაირად:

-    განათლების დაწესებულების მუშაკთა შრომის ანაზღაურება, მათ შორის: შტატიანი მასწავლებლების, შემთავსებელ-მასწავლებლების; ადმინისტრაციის მუშაკების; სასწავლო-დამხმარე პერსონალის; დანამატები შრომის ანაზღაურებაზე.

1. გადასახადები, მოსაკრებლები, გადარიცხვები მიზნობრივ ფონდებში, მათ შორის ბიუჯეტში.

-    აღჭურვილობის შენახვის და გამოყენების ხარჯები: კომპიუტერული ტექნიკის მომსახურების და მიმდინარე რემონტის, სწავლების ტექნიკური საშუალებების შენახვის ხარჯები;

-  გამამრავლებელი ტექნიკის რემონტის და შენახვის ხარჯები;

-  სასწავლო ავეჯის რემონტის და შენახვის ხარჯები;

-  ელექტროენერგიის გადახდის ხარჯები;

-  სასწავლო პროცესში გამოყენებული სხვა აღჭურვილობის შენახვის ხარჯები; -

- ინტელექტუალური აქტივების ღირებულების ამორტიზაცია.

2. ხარჯები შენობების, სასწავლო და დამხმარე ფართების შენახვაზე:

- იჯარის გადასახადი;

- შენობების სასწავლო და დამხმარე ფართების მიმდინარე რემონტის ხარჯები;

- რეკონსტრუქციასთან დაკავშირებული ხარჯები;

- სასწავლო და დამხმარე ფართების დალაგების ხარჯები;

- კომუნალური მომსახურების, განათების ხარჯები;დაცვის და სახანძრო სიგნალიზაციის ხარჯები.

3. მიზნობრივი ხარჯები:

- სასწავლო ლიტერატურის შეძენის ხარჯები;

- დამხმარე მეთოდური მასალების, დამხმარე სახელმძღვანელოების მომზადების და გამოცემის ხარჯები;-

- საკანცელარიო ხარჯები, დოკუმენტების ბლანკების შეძენა;

- სამივლინებო ხარჯები; ელექტროკავშირის ხარჯები; გარკვეული სახის მეცადინეობების ჩასატარებლად სპეციალური ფართების იჯარის ხარჯები.

4. ერთჯერადი ხარჯები: სასწავლო აღჭურვილობის, მათ შორის სპეციალური ლაბორატორიული აღჭურვილობის, სადემონსტრაციო სტენდების ერთჯერადად შეძენის და განვითარების ხარჯები; სასწავლო ავეჯის ერთჯერადად შეძენის ხარჯები; სასწავლო ფართებისთვის დამხმარე აღჭურვილობების შეძენის ხარჯები; საკუთარი შენობების რემონტისთვის კაპიტალური ხარჯები.

5. დამატებითი ხარჯები:

- საკუთარი ან იჯარით აღებული ავტოსატრანპორტო საშუალებების შენახვის ხარჯები;

- დამატებითი სამივლინებო ხარჯები (მეცადინეობების სხვა ქალაქში ჩატარებისთვის);

- კონფერენციების, სამეცნიერო თათბირების ჩატარების ხარჯები;

- საგანმანათლებლო საქმიანობის ატესტაციის, ლიცენზირების, განათლების სამინისტროს საატესტაციო კომისიის წევრების შრომის ანაზღაურების და მივლინების ხარჯები.

საგანმანათლებლო ორგანიზაციების ფინანსების მართვასთან დაკავშირებით, ერთ-ერთი აქტუალური საკითხია საგანმანათლებლო მომსახურების თვითღირებულების და ფასის, როგორც მთავარი საფინანსო-ეკონომიკური მაჩვენებლების მართვა.

აღნიშნული მაჩვენებლების მართვა შეიძლება მოიცავდეს შემდეგ ძირითად სტადიებს (ეტაპებს):

-    ფინანსური ანალიზი (განმსაზღვრელი ფაქტორების, თვითღირებულების და ფასის სტრუქტურის, ხარჯების მუხლების ცვლილების დინამიკის და ა. შ. ანალიზი);

-    ფინანსური დაგეგმვა (პირველ რიგში შემოსავლების და ხარჯების ხარჯთაღრიცხვის შედგენა, საგანმანათლებლო მომსახურების კალკულაცია, შემოსულობების და გადახდების გრაფიკი და ა. შ.);

-    მიღებული ფინანსური გადაწყვეტილებების რეალიზაცია და მისი შედეგების ანალიზი.

თვითღირებულების და ფასის ანალიზი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს არასახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის, მათ შორის, ახლადშექმნილებისთვის, რომლებიც სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულებებისგან განსხვავებით, არ ფინანსდებიან ბიუჯეტიდან. მათთვის აღნიშნული ფინანსური მაჩვენებლები შეიძლება განხილულ იქნეს, როგორც ძირითადი საშუალება კლიენტისთვის (სწავლის მსურველისთვის) კონკურენტულ ბრძოლაში.

საგანმანათლებლო ორგანიზაციები, რომლებიც ახორციელებენ ფასიან საგანმანათლებლო საქმიანობას და კონკურენციაში არიან ერთმანეთთან, რისკავენ მოხვდნენ ორ უკიდურეს სიტუაციაში. საგანმანათლებლო მომსახურების ფასის შემცირებამ (მოსწავლეთა შესაძლო ბევრი ოდენობის მოზიდვის მიზნით) შეიძლება გამოიწვიოს სწავლების ხარისხის მკვეთრი დაწევა და პირიქით, ფასის გაზრდამ შესაძლოა გამოიწვიოს შემსწავლელთა მკვეთრი გადინება სხვა დაწესებულებებში მათი გადასვლის გამო. როგორც შედეგი – ეს გამოიწვევს ფულადი შემოსულობების შემცირებას და ფინანსური მდგრადობის შესაძლო დაკარგვას. ზოგადად, საგანმანათლებლო ორგანიზაციების ფინანსური სტრატეგიის და იმავდროულად საფასო პოლიტიკის ერთ-ერთი მიზანი შეიძლება ჩამოყალიბდეს როგორც სწავლების ფასის ოპტიმიზაცია ისეთ დონეზე, რომ უზრუნველყოფილ იქნეს სწავლების მაღალი ხარისხი მინიმალური დანახარჯებით საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელებიდან წმინდა მოგების მიღების გარეშე. ფასის და თვითღირებულების განმსაზღვრელი ფაქტორების ანალიზისას, შეიძლება აღვნიშნოთ მათი დიდი მრავალფეროვნება და დაჯგუფების და კლასიფიკაციის სირთულე, აგრეთვე, რაოდენობრივი კავშირის დადგენის სირთულე საგანმანათლებლო მომსახურების თვითღირებულებაში ხარჯის მუხლსა და ცალკეულ ფაქტორს შორის. როგორც ერთ-ერთი უმთავრესი, შეიძლება მიენიშნოს სპეციალობის ფაქტორი. მაგალითად, საავიაციო-კოსმოსური ხელსაწყოთ-მშენებლობის სპეციალობებისთვის საჭიროა ლაბორატორიული სამუშაოების ჩატარება ძვირადღირებულ მაღალი სიზუსტის სასწავლო აღჭურვილობაზე. კომპიუტერული სპეციალობებისთვის საჭიროა პერსონალური კომპიუტერების დიდი ოდენობა, ქსელებში ხანგრძლივი მუშაობა. ზოგ ტექნოლოგიურ სპეციალობაზე საჭიროა სასწავლო-გამოსაცდელი პოლიგონების არსებობა და ა. შ. ფინანსური  დაგეგმვისას  დიდი  მნიშვნელობა  აქვს  კალკულირების მეთოდის შერჩევას და ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებას. ნორმატიული მეთოდის პარალელურად, რომელიც ფართოდ გამოიყენება საბიუჯეტო საგანმანათლებლო ორგანიზაციების პრაქტიკაში, შესაძლოა გამოყენებულ იქნეს სხვებიც, თვითღირებულების მაჩვენებელზე დამოკიდებულებით. მაგალითად, სწავლების თვითღირებულების მაჩვენებლისთვის სპეციალობის მიხედვით მთლიანობაში სწავლების მთელი პერიოდისთვის შესაძლოა ერთდროულად გამოყენებულ იქნეს ნორმატიული და დეტალირების მეთოდები.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ეტაპობრივად ატარებს არაკომერციული ორგანიზაციების (ფონდები, კავშირები, პოლიტიკური, რელიგიური, საქველმოქმედო და სხვა მსგავსი ტიპის ორგანიზაციები) წლიურ გამოკვლევას.

როგორც ყველა განვითარებულ ქვეყანაში, უკვე საქართველოშიც არაკომერციული ორგანიზაციები წარმოადგენენ საქონლისა და მომსახურების მწარმოებელ იურიდიულ პირებს ან სოციალურ ორგანიზაციებს, რომლებიც არ არი- ან ორიენტირებული ინსტიტუციური ერთეულებიდან მოგების ან ფინანსური კეთილდღეობის მიღებაზე.

„საქსტატის“ კვლევის შედეგების შეფასება

არაკომერციული ორგანიზაციების პროდუქციის ძირითადი ნაწილი რეალიზდება უფასოდ ან ეკონომიკურად უმნიშვნელო ფასებით. ასეთი არაკომერციული ორგანიზაციები იმყოფებიან თვითდაფინანსებაზე და სახსრებს ძირითადად იღებენ შემოწირულობებისა და საკუთარი წევრების შენატანების სახით. ისინი შემოსავლებს იღებენ აგრეთვე ორგანიზაციის კუთვნილი მატერიალური და ფინანსური აქტივებიდან. არაკომერციულ ორგანიზაციებს აქვთ დამხმარე კომერციული საქმიანობის უფლება.

ამ მიმართულებით ბოლო კვლევა საქართველოში ჩატარდა 2015 წელს (საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნდა 01.10.2015 წ. იხ. ნახ.1) [4].

აღნიშნული კვლევის სტატისტიკა და შეფასება:

2014 წელს მაჩვენებელთა შემცირება, წინა წელთან შედარებით, ძირითადად გამოწვეულია განათლების დარგში არსებული რამდენიმე უმაღლესი სასწავლებლის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის ცვლილებით, რომლის შედეგადაც ისინი არაკომერციული ორგანიზაციების სექტორიდან გადავიდნენ საჯარო სამართლის იურიდიული პირების სექტორში.

გარდა ამისა, მაჩვენებელთა შემცირების ერთ-ერთი მიზეზია ის ფაქტიც, რომ 2014 წლიდან სკოლამდელი დაწესებულებები (ბაგა-ბაღები) აღნიშნულ გამოკვლევაში აღარ მონაწილეობს (უფასო სწავლების გამო მათ 2014 წლიდან აღარ აქვთ შემოსავლები დამხმარე კომერციული საქმიანობიდან და, შესაბამისად, არ წარმოადგენენ კვლევის ობიექტებს).

დეკლარირებული მონაცემების მიხედვით, 2014 წელს არაკომერციული ორგანიზაციების სექტორის ბრუნვის მოცულობამ დამხმარე კომერციული საქმიანობიდან 95,3 მლნ ლარი შეადგინა, რაც გასული წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით 23%-ით ნაკლებია (იხ. ნახ. 1).

ბრუნვის მოცულობაში ყველაზე დიდი წილი მოდის კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევის დარგზე (42,2%), აგრეთვე, ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური დახმარებისა (25,2%) და განათლების (19,8%) დარგის ორგანიზაციებზე.

ბრუნვის მოცულობის ყველაზე მნიშვნელოვანი შემცირება განათლების დარგზე მოდის (61,2%-ით). აღნიშნული მაჩვენებლის შემცირება დაფიქსირდა, აგრეთვე, უძრავი ქონებით ოპერაციების, იჯარისა და მომხმარებლისთვის მომსახურების გაწევის (47%) და დამამუშავებელი მრეწველობის დარგში (46,6%).

არაკომერციული ორგანიზაციების ბრუნვისა და პროდუქციის გამოშვების მაჩვენებლები

(შედარება გაკეთებულია ფაქტობრივი ფასებით) [5]

ნახაზი 1

ბრუნვის მოცულობა დაახლოებით 3,9-ჯერ არის გაზრდილი საფინანსო საქმიანობის დარგში, 2,6-ჯერ - სოფლის მეურნეობის, ნადირობისა და სატყეო მეურნეობის დარგში, 26,6%-ით ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის დარგში, 7,6%-ით - ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური დახმარების დარგში, 6,3%-ით - კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევის დარგში.

აღსანიშნავია ისიც, რომ 2014 წელს ბრუნვის მაჩვენებლის საკმაოდ დიდი მნიშვნელობები შეინიშნება ისეთ დარგებში (სასტუმროები და რესტორნები, ვაჭრობა, ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტი, მშენებლობა, ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება და განაწილება), რომლებშიც 2012-2013 წლებში ბრუნვა საერთოდ არ დაფიქსირებულა.

პროდუქციის (საქონლისა და მომსახურების) გამოშვების მოცულობამ არაკომერციული ორგანიზაციების სექტორში 2014 წელს 669,9 მლნ ლარი შეადგინა (აღნიშნული მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით შემცირებულია 10,3%-ით).

პროდუქციის გამოშვებაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩეოდა კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევის (50,8%), ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური დახმარების (28,6%), აგრეთვე განათლების დარგის (12,1%) ორგანიზაციები.

არაკომერციულ ორგანიზაციებში დასაქმებულთა რაოდენობამ 2014 წელს 52,3 ათასი შეადგინა, საიდანაც 54,7% ქალია, ხოლო 45,3% - მამაკაცი. აღნიშნული მაჩვენებელი, 2013 წელთან შედარებით, 20,3%-ითაა შემცირებული (იხ. ნახ. 2).

დასაქმებულთა ყველაზე დიდი ნაწილი – 43,3% – კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევის დარგის ორგანიზაციებზე მოდის, 29,3% – განათლების დარგის ორგანიზაციებზე, 14,8% – ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური დახმარების დარგის ორგანიზაციებზე, ხოლო დანარჩენი 12,6%, სხვა დარგებში ნაწილდება. დასაქმებულთა რაოდენობის მაჩვენებლის შემცირება ფიქსირდება ძირითადად განათლების (52,8%-ით) დარგში, რომლის მიზეზებიც უკვე იქნა განხილული.

დასაქმებულთაგან დაქირავებულია 51,5 ათასი ადამიანი (მათ შორის ქალები შეადგენენ 54,9%-ს). 2014 წელს დაქირავებულთა რაოდენობა, 2013 წელ- თან შედარებით, შემცირებულია დაახლოებით 20,7%-ით.

არაკომერციულ ორგანიზაციებში დასაქმებულთა რაოდენობა [6]

ნახაზი 2

* * *

ამრიგად, საგანმანათლებლო ორგანიზაციების ფინანსების მართვასთან დაკავშირებით, აქტუალური საკითხია თვითღირებულება და, შესაბამისად, ფასის განსაზღვრა. ფინანსური დაგეგმვისას დიდი მნიშვნელობა აქვს კალკულირების მეთოდის შერჩევას და ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებას.

ლიტერატურა:

1. ცაავა გ, აბრამია თ, ცაავა დ. რისკოლოგია – ფინანსური და საბანკო საკრედიტო რისკების მენეჯმენტი, სახელმძღვანელო, თბილისი, გამომცემლობა „აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემია”, 2007.

2. ღუდუშაური ზ. – ფინანსური მენეჯმენტი: თეორია და პრაქტიკა, თბილისი, გამომცემლობა შპს „მხს”, 2007.

3. ბოლონიის დეკლარაცია – უმაღლესი განათლების ევროპული სივრცე თბ., 1999.

4. http://www.geostat.ge/?action=news&lang=geo&npid=921

5. http://www.geostat.ge/cms/site_images/_files/georgian/business/SMAKO_ Press%20Release%202014.pdf

6. http://www.geostat.ge/cms/site_images/_files/georgian/business/SMAKO_ Press%20Release%202014.pdf

7. mes.gov.ge